ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 აპრილის N 213  დადგენილებით, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი შემოუერთდა საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს.

 მუზეუმი 1913 წელს, მუშტაიდის ბაღში მისთვის სპეციალურად აგებულ შენობაში გაიხსნა. კოლექციები „კავკასიის კუსტარული კომიტეტის“ ნიმუშებს დაეფუძნა, რომელიც 1899 წელს დააარსა რუსეთის იმპერიამ. კომიტეტის მიზანი კავკასიაში ხალხური რეწვის კერებისა და ოსტატების აღრიცხვა, შესწავლა, დაცვა და ტრადიციული მოტივების ინტეგრირება თანამედროვე დეკორატიულ-გამოყენებისა და ხალხური ხელოვნების ნიმუშებში. ეს კონცეფცია პირდაპირ ეხმიანებოდა ევროპაში პოპულარული ანტი-ინდუსტრიული მოძრაობის - „ხელოვნება და რეწვა” (Art’s & craft’s) იდეებს, რომელსაც მუზეუმის მესვეურები კარგად იცნობდნენ. მუზეუმსა და კომიტეტს მუშტაიდის ბაღის ტერიტორიაზე გარდა მუდმივმოქმედი საექსპოზიციო სივრცისა, ჰქონდა სხვადასხვა სამხატვრო და შემოქმედებითი სახელოსნოები.

საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში (1918-1921) მუზეუმმა დაკარგა კავშირი აზერბაიჯანში, სომხეთსა და დაღესტანში არსებულ ექსპერიმენტალურ სახელოსნოებთან. ხოლო რეგიონის გასაბჭოებასთან ერთად 1921 წელს, მას შეეზღუდა სახელმწიფოსგან ფინანსური მხარდაჭერაც. მიუხედავად ამისა, მუზეუმს დარჩა მნიშვნელოვანი მატერიალური და სამეცნიერო ბაზა, რის საფუძველზეც განხორციელდა წარმატებული პროექტები და მოხდა კოლექციების გამდიდრება.

1920 იან წლებში შენობის დაკარგვის შემდეგ, მუზეუმმა რამდენიმე ადგილი გამოიცვალა ხოლო 2006 წლიდან მისთვის სპეციალურად შეძენილ შენობაში შალვა დადიანის 28 ში განთავსდა.