სოლიკო ვირსალაძე

3 დეკემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ხელოვნების სასახლში, დიდი ქართველი მხატვრისა და სცენოგრაფის, „ფერთა სიმფონიის დიდოსტატად“ აღიარებულ სოლიკო ვირსალაძის შემოქმედების ამსახველი ორენოვანი კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება.
სასახლის თეთრი ნიმფების დარბაზში, კატალოგის პრეზენტაციასთან ერთად, ფართო საზოგადოებისათვის საგანგებოდ გამოიფინება მუზეუმის გამოყენებით ხელოვნების ნიმუშთა ფონდში დაცული, სოლიკო ვირსალაძის მიერ შექმნილი ეროვნული კოსტიუმები.
აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელ საქართველოში აქამდე არ არსებობდა სოლიკო ვირსალაძის შემოქმედების ამსახველი სრულფასოვანი კატალოგი. ხელოვნების სასახლეში დაცული მხატვრის ნამუშევრების აბსოლუტური უმეტესობა კი ფართო საზოგადოებისათვის პირველად ხდება ხელმისაწვდიმი, რაც აღნიშნულ გამოცემას სამეცნიერო-საგანმანათლებლო ფუნქციასთან ერთად ექსკლუზიურობასაც სძენს.
კატალოგი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მომზადდა და იგი ხელოვნების სასახლის მიერ, 2015 წელს დაწყებული ფართომასშტაბიანი პროექტის „თეატრისა და კინოს მხატვრების“ სერიის VII ტომს წარმოადგენს. აღნიშნული სერია მოიცავს იოსებ სუმბათაშვილის (I ტომი. 2015 წელი), ივანე ასკურავას (II ტომი. 2016 წელი), კარლო კუკულაძის (III ტომი. 2016 წელი), პეტრე ოცხელის (IV ტომი. 2017 წელი), კოკა იგნატოვის (V ტომი. 2018 წელი), ნიკოლოზ ყაზბეგის (VI ტომი. 2018 წელი) მრავალმხრივ შემოქმედებას.
უკვე გამოცემულ ტომეულებში წარმოდგენილია როგორც ხელოვნების სასახლესა და ქვეყნის სხვადასხვა მუზეუმში, ისე პირად კოლექციებში დაცული თეატრალური თუ კინოესკიზები.
ხელოვნების სასახლის შემოქმედებითი ჯგუფი მადლობას უხდის ნინო სუხიშვილსა და მანანა ხიდაშელს, გამოცემაში შესატანად საკუთარ კოლექციაში არსებული სოლიკო ვირსალაძის გამორჩეული ნამუშევრების უშურველად გადმოცემისთვის.