ვეფხვაძეები-მხატვართა ოთხი თაობა

ვეფხვაძეები-მხატვართა ოთხი თაობა

    15 ნოემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს ხელოვნების სასახლში, თბილისის მერიის მხარდაჭერით, გამოფენა „ვეფხვაძეები - მხატვართა ოთხი თაობა“ გაიხსნება.

    ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ვეფხვაძეების მხატვართა დინასტიის ოთხივე თაობის - ივანე ვეფხვაძის (1888-1971), ალექსი ვეფხვაძის (1921-1982), ჯოვანი ვეფხვაძისა (1949-2016) და ბრუნო ვეფხვაძის მიერ შესრულებული ფერწერული ნამუშევრები - პორტრეტები, პეიზაჟები, ისტორიული სიუჟეტები და სხვა.
    გამოფენის ფარგლებში გაიმართება ორენოვანი კატალოგის პრეზენტაციაც, რომელიც მხატვართა ოთხივე თაობის შემოქმედებას აერთიანებს და რომელიც თბილისის მერიის მხარდაჭერით, ხელოვნების სასახლის მიერ გამოიცა.

    არათუ ქართულ რეალობაში არამედ მსოფლიოშიც, იშვიათია, ერთ გვარში ოთხი თაობა მხატვრობას მისდევდეს. თამამად შეიძლება ითქვას რომ ვეფხვაძეთა საგვარეულომ ქართულ მხატვრობას გამორჩეული, ეროვნული სულისკვითებითა და მაღალი პროფესიონალიზმით გაჯერებული ხელოვნების თავისებური მიმდინარეობა აჩუქა... თუ ისტორიული მხატვრობის, ბატალური სცენებისა და ღირსსახოვარ მოვლენათა ტილოზე გადმოტანის სიმწირეს გავითვალისწინებთ, ადვილად მივხვდებით რაოდენ მნიშვნელოვანია ვეფხვაძეთა საგვარეულოს წვლილი ეროვნული კულტურის განვითარების საქმეში.
    ვეფხვაძეების გვარს ტრადიციად ექცა სხვადასხვა საინტერესო თემებთან ერთად ტილოზე გაეცოცხლებინა საქართველოს წარსულის არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა თუ ისტორიული პირი. ამ მხრივ გვარში უპირველესი ივანე ვეფხვაძე იყო (1888-1971) რომლის გზაც ვაჟმა ალექსი ვეფხვაძემ (1921-1982) განაგრძო და საქართველოს ისტორიას არაერთი მონუმენტური ტილო უძღვნა.
    ქართული ხელოვნების ისტორიაში დიდია ჯოვანი ვეფხვაძის (1949-2016) წვლილი, მხატვარმა თავის შესანიშნავ, განუმეორებელი კოლორიტით გაჟღენთილ ტილოებში ბრწყინვალედ გადმოსცა ძველი თბილისის თავგადასავალი, დაგვანახა წარსულის ხიბლი და ეპოქის მცხოვრებთა სულისკვეთება. მამის გზას ასევე ღირსეულად აგრძელებენ მხატვრის შვილები - ბრუნო და დომენიკა ვეფხვაძეები.
    გამოფენა ხელოვნების სასახლეში 2 კვირა გაგრძელდება.