საშობაო ზღაპარი

24 დეკემბრიდან ხელოვნების სასახლეში საშობაო ზღაპარი დაიწყო. ამჯერად სასახლის დარბაზები ქართველ ხელოვანთა ჯგუფს ეთმობა, რომლებმაც ძველი ქართული ტრადიციები გააცოცხლეს და ჯადოსნური საშობაო და საახალწლო საჩუქრები შექმნეს. საშობაო ზღაპარი შაბათს, 24 დეკემბერს, 12 საათიდან გაიხსნა და სასახლეში მოსულ დამთვალიერებელს დაუვიწყარ თავგადასავალს ჰპირდება. თუ გსურთ თქვენს ნაძვის ხეს XIX საუკუნის საახალწლო სათამაშოების მსგავსად ანგელოზები, ქერუბიმები და სხვადასხვა სამუზეუმო ასლების შესაბამისად დამზადებული ჯადოსნური ფიგურები ამშვენებდეს, მაშინ საშობაო ზღაპარი სწორედ თქვენთვისაა. საყურადღებოა, რომ გამოფენა-გაყიდვაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ ძველი ქართული ტექნოლოგიით დამზადებული მინის სათამაშოები შეიძინონ, რომლებიც პოპულარული იყო როგორც საქართველოში, ასევე ევროპაში. ცალკე აღნიშვნის ღირსია ნამდვილი ქართული ტრადიციული ლურჯი სუფრა. ძველად ხომ თავადებისა თუ წარჩინებულ ადამიანთა ოჯახებში ახალი წლის მაგიდა ლურჯი ნატურალური ბამბის სუფრით იყო დამშვენებული. ავტორებმა გამოფენაზე წარმოდგენილი სუფრები ანალოგიური ტექნოლოგიით მოამზადეს და მასზე ის მნიშვნელოვანი ფიგურებიც დაატანეს, რომლებსაც ქართველების წარმოდგენით ბედნიერების, ხვავისა და ბარაქის მოტანა შეეძლო. 
გარდა ამისა, გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებელს საშუალება ექნება ნახოს და შეიძინოს საშობაო და საახალწლო თემაზე შექმნილი ფერწერული ტილოები, სანათები, სამკაულები და სხვა საინტერესო ნივთები.