დიმიტრი თოფურიძის ’ასოთა ბანი’

ხელოვნების სასახლისა და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ურთიერთანამშრომლობითა და ორგანიზებით, 28 იანვარს, 15:00 საათზე ხელოვნების სასახლეში დიმა თოფურიძის პერსონალური გამოფენა - „ასოთა ბანი“ გაიხსნა. გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ დიმა თოფურიძე და მისი შემოქმედება ფართო საზოგადოებისთვის ახალი აღმოჩენაა. გრაფიკოსის, დიზაინერისა და არქიტექტორის უკანასკნელი ნამუშევრების სერია - „ასოთა ბანი“ ანბანისადმი მიძღვნილი გრაფიკული სერიაა, რომელიც მხატვარმა და გრაფიკოსმა ორ ეტაპად - 1993-1996 და 2012-2016 წლებში შექმნა და რომელიც უკვე დღეს კარგად წარმოაჩნეს და გამოსახავს მსოფლიო არამატერიალური ძეგლის „სამი ანბანის ცოცხალი კულტურის“ განუმეორებლობას. „ასოთა ბანი“ ქართული ანბანის ცალკეულ გრაფემას ეძღვნება, სადაც ერთობლიობაში აღვიქვამთ ქართული დამწერლობის სამ სახეობას: მხედრულ, ასომთავრულ, ნუსხურ ასოებს, მათ რიცხვით მნიშვნელობებს, მათ ლათინურ ექვივალენტს და ტრანსკრიპციას. თითოეული ნამუშევარი დამოუკიდებელი სამყაროა, დამწერლობის შემოქმედებითი გააზრება, ანბანის სახვითი ინსპირაცია, სადაც მხატვრის ინდივიდუალური სამყარო და შემოქმედებითი სიღრმე იკითხება. სერიაში გამოყენებულია კალმითა და ფანქრით შესრულებული გრაფიკული ჩანახატები, აკვარელის, გუაშის ფერადოვანი აქცენტები და ფოტოებით და სხვადასხვა დოკუმენტებით აწყობილი კოლაჟები. ფარგლით შესრულებულ გეომეტრიულ მონახაზებში ნათლად იკვეთება არქიტექტორის ხელწერა, ხოლო კომპოზიციებში ჩართული ლექსები (ძირითადად აკაკი წერეთლის „ქართული ანბანის“), მინაწერები კალიგრაფის დახვეწილ ოსტატობაზე მეტყველებს. ანბანის სერიაში განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას მისი ასოციაციური ხასიათით ახდენს: მხატვრის გონებაში ამა თუ იმ გრაფემასთან დაკავშირებული ცნობილი სახეები, პირადი მოგონებები, ადამიანები, ცხოველები, მოვლენები კალეიდოსკოპურად ენაცვლება ერთმანეთს და ერთიანობაში ქართული ანბანის მრავალფეროვნებას, დახვეწილობას და ამავდროულად, მხატვრის ინდივიდუალურ თვალთახედვასა და ღრმა შინაგან სამყაროს წარმოაჩენს. „ასოთა ბანი“ დიმიტრი თოფურიძის უკანასკნელი გრაფიკული ნაშრომია რომლის საზოგადოებისთვის წარდგენასაც ხელოვანი თავად გეგმავდა. გამოფენა ხელოვნების სასახლეში 9 თებერვლამდე გაგრძელდება.