უნიკალური მემორიალური ნივთები ჰოლივუდიდან

პირველად საქართველოში, ხელოვნების სასახლეში ჰოლივუდთან დაკავშირებული მასშტაბური კოლექცია გამოიფინა.

ჰარისონ ფორდის, ტიმ ბარტონის, დენი დევიტოს, კლინტ ისტვუდის, სპაიკ ლის და სხვა ლეგენდარული რეჟისორისა თუ მსახიობის ხელმოწერილი ნივთები... 11 ოსკარზე ნომინირებული, ოქროს გლობუსისა და სხვა მრავალი უმაღლესი ჯილდოს მფლობელი ფილმის ‘ნიუ-ორკის ბანდების’ (GANGS OF NEW-YORK) პერსონაჟის უნიკალური კოსტიუმი... ლეგენდარული ამერიკული ფილმის ‘ბეტმენის’ (BATMAN) მთავარი გმირის ნიღაბი და იარაღი - ‘ბეტარანგი’ სხვა უნიკალურ მემორიალურ ნივთებთან ერთად ხელოვნების სასახლის საგამოფენო დარბაზებში დამთვალიერებლისათვის 18 აპრილიდან გამოიფინა.

ორიგინალ აფიშებთან, ხელნაწერებთან, პარტიტურებთან და კინო რეკვიზიტებთან ერთად საზოგადოებას საშუალება ეძლევა იხილოს ქევინ კოსტნერის, უიტნი ჰიუსტონისა და გარი კემპის ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც ლეგენდარული ფილმის ‘პირადი მცველის’ (THE BODYGUARD) ორიგინალ სცენარს წარმოადგენს.

გამოფენა ეძღვნება ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის იუბილეს.

გამოფენა მუზეუმის დროებით საგამოფენო დარბაზებში 25 აპრილამდე გაგრძელდება.