სახვითი ხელოვნების ფონდი

სახვითი ხელოვნების ფონდი

    სახვითი ხელოვნების ფონდში დაცულია ქართული, რუსული, აღმოსავლური და დასავლეთ ევროპული სახვითი ხელოვნების ნიმუშების ძვირფასი კოლექცია. იგი სიდიდითა და მნიშვნელობით ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია.

    სახვითი ხელოვნების, ფერწერისა და გრაფიკის ფონდში დაცულია 300-ზე მეტი ქართველი მხატვრის 10 000 - მდე ექსპონატი, რაც სრულად წარმოაჩენს ქართული თეატრის მხატვრობის ისტორიას. ფონდში დაცული კოლექცია შედგება თეატრალურ მოღვაწეთა ფერწერული პორტრეტების, დეკორაციებისა და კოსტიუმების ესკიზების, გრაფიკული კომპოზიციების, ირანული მინიატურების, ფრანგული და გერმანული გრავიურების, ფერადი ლითოგრაფიების ნიმუშებისაგან. ფონდში კოლექციებადაა დაცული კოტე მარჯანიშვილთან ერთად მომუშავე მხატვრების პეტრე ოცხელისირაკლი გამრეკელისკირილე ზდანევიჩისლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, დავით კაკაბაძის და სხვათა ნამუშევრები. აქვეა დაცული თამარ აბაკელიასსერგო ქობულაძისსოლომონ ვირსალაძისივანე ასკურავასირაკლი თოიძისთამარ და დიმიტრი თავაძეებისნიკოლოზ ყაზბეგისფარნა ლაპიაშვილისრევაზ და თენგიზ მირზაშვილებისვლადიმერ და მამია მალაზონიებისგიორგი მესხიშვილისთეიმურაზ მურვანიძისთეიმურაზ ნინუას და სხვათა ნამუშევრები, რომლებმაც მთელი ეპოქა შექმნეს ქართულ სცენოგრაფიასა და სახვით ხელოვნებაში. ქართველი მხატვრების გარდა ფონდში ინახება რუსი, სომეხი, აზებაიჯანელი და სხვა უცხოელ მხატვართა ნამუშევრები. აღსანიშნავია, რომ ფონდში დაცულია XX საუკუნის დასაწყისში პეტერბურგში ჩამოყალიბებული “მირ ისკუსსტვოს” გაერთიანებაში შემავალი მხატვრების, ე.წ. რუსული მხატვრობის “ვერცხლის საუკუნის” წარმომადგენლების კონსტანტინე კოროვინისლევ ბაქსტისალექსანდრე ბენუასალექსანდრე გოლოვინის და ვიქტორ სიმოვის ნამუშევრები.

     

    აქვეა წარმოდგენილი ქართული მოდერნისტული მხატვრობის ყველაზე ვრცელი კოლექცია. პეტრე ოცხელის ასზე მეტ ნამუშევარს შორის დაცულია ისეთი მნიშვნელოვანი ესკიზები, როგორებიცაა: ”მშენებელი სოლნესი” (1931), ”მუნჯები ალაპარაკდნენ” (1931). ”ყოჩაღი ჯარისკაცი შვეიკი” (1931), ”ჯოი სტრიტი” (1932), ”ბომბეი” (1932), ”ყაჩაღები” (1932), ”ოტელო” (1933). აქვე ინახება ამავე ავტორის მიერ გაფორმებული ფილმ ”მფრინავი მღებავი”-ს უნიკალური ესკიზები (1936).

    ფონდში ასევე დაცულია მსოფლიოში განთქმული პრიმიტივისტის ნიკო ფიროსმანაშვილის ”მწეველი მამაკაცი”-ს პორტრეტი, ქართული რეალისტური მხატვრობის ისეთი ცნობილი წარმომადგენლების ნამუშევრები, როგორებიც არიან: გიგო გაბაშვილი, ალექსანდრე ბერიძე. ახალი ქართული მხატვრობის გამორჩეული წევრების: შალვა ქიქოძის, დავით კაკაბაძის, სერგო ქობულაძის, ლადო გუდიაშვილისა და სხვათა ბრწყინვალე ტილოები თუ ესკიზები.

    რუსული მხატვრობიდან აღსანიშნავია მიხეილ ნესტეროვის ”პეიზაჟი ტბის პირას”, კონსტანტინე სომოვის ”თავისუფალი თეატრის ფარდა”, ”მირ ისკუსტვას” დამფუძნებლისა და მთავარი იდეოლოგის ალექსანდრე ბენუას, მხატვარ ლეონ ბაქსტის, რეჟისორ სერგეი ეიზენშტეინის და სხვათა ნამუშევრები.

    დასავლეთ ევროპული მხატვრობის კოლექციაში წარმოდგენილია ფლამანდიური სახვითი ხელოვნების შედევრი, დავით ტენიერ უმცროსის ”ეჭვიანი ცოლი”, ფლორენციელი მხატვრის მიქელანჯელო მეუჩის ნატურმორტი, ფრანგი მხატვარ-ექსპერსიონისტის ფერნანდ ლეჟესა და იტალიელი პოეტის, მწერლისა და სცენარისტის ტონინო გუერას ნამუშევრები.

    აღმოსავლური კოლექცია მოიცავს ყაჯარულ ნამუშევრებს. მათ შორის გამორჩეული ძეგლია პაპიე მაშზე შესრულებული უნიკალური სცენა „სოლომონი და მისი სასამართლო“, აქვე დაცული ყაჯარული მინიატურები კი ერმიტაჟისა და ალბერტ და ვიქტორიას მუზეუმის კოლექციებში წარმოდგენილი საქვეყნოდ განთქმული ტილოების ვარიაციებია და თანადროულ პერიოდში, ანუ ფათხ ალი შაჰის ზეობის დროსაა (1797–1834) შემქნილი.