მემორიალურ და ხელოვნების ნიმუშთა ფონდი 900-ზე მეტ უძვირფასეს ექსპონატს მოიცავს. აქ წარმოდგენილია ქართველ და უცხოელ ხელოვანთა პირადი რელიკვიები. უძველესი ნივთი ანტიკურ პერიოდს განეკუთვნება. კერძოდ ეს არის თეატრალური ნიღაბი მძივსაკიდის სახით, რომელიც რომელიც 1941 წელს ვანის არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩნდა. მნიშვნელოვანია ძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული წარჩინების ნიშნების კოლექცია, მათ შორის აღსანიშნავია დიმიტრი არაყიშვილის რუსეთის საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოების ოქროს ორდენი, ვანო სარაჯიშვილის სახალხო არტისტის მინანქრიანი და ოქროს ქარაგმიანი სამკერდე მედალი.უნიკალური ხელოვნების ნიმუშებს წარმოადგენს ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის ვერცხლის გვირგვინები.ცალკე აღნიშვნის ღირსია თეატრალური, კინო და ქორეოგრაფიული კოსტიუმების დიდი კოლექცია. აქ ინახება ფილმების “ბაში -აჩუკი” დიდოსტატის მარჯვენა, “მამლუქი”, ქეთო და კოტე ოქრომკედითა და ნახევრად ძვირფასი ქვებით მორთული კოსტიუმები. მნიშვნელოვანია ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასის კოსტიუმები, ცეკვების სადარბაზოს თუშურისა და ხევსურულის უნიკალური ეგზემპლარები სოლიკო ვირსალაძის ესკიზების მიხედვით შეიქმნა. აქვე ინახება ცნობილი ქართველი მოცეკვავის ფრიდონ სულაბერიძის აჭარული ჩოხა. თეატრალური კოლექციიდან გამორჩეულია მომღერალ სანდრო ინაშვილისკოსტიუმებს, ერთ-ერთი მათგანი მილანში საგანგებოდ დამზადდა. ესაა ტორეადორის კოსტიუმი, სპექტაკლიდან „კარმენი“. იგი ოქროს ძაფებით მოქარგული ორნამენტების სიუხვით გამოირჩევა.
ხელოვნების ნიმუშთა შორის მრავალია მემორიალური ნივთები. კერძოდ ვაჟა-ფშაველას ჩოხის მასრები, სერგო ზაქარიაძის სათვალე ფილმიდან ჯარისკაცის მამა, დავით ერისთავის მარმარილოს ბლოკნოტი, დიმიტრი არაყიშვილის ოქროს საათი და ის ფონოგრაფი, რომლითაც კომპოზიტორმა ქართული ხალხური სიმღერები ცვილის ლილვაკებზე ჩაწერა. აქვეა დაცული დიმიტრი ყიფიანის სამგზავრო ნესესერი, ეს უნიკალური ნივთი ინგლისის სამეფო-საიმპერატორო ქარხანაშია დამზადებული, მას სამეფო გვირგვინი და ქართველი წმინდანის ასომთავრულით შესრულებული ინიციალები ამშვენებს. ელენე ჩერქეზიშვილის ჩრდილოკავკასიური კოსტიუმი კი ბრწინვალე დაღესტნური ფილიგრიმითა და უხვად ორნამენტირებული სპილენძის ქამრითაა გაფორმებული. ფონდში წარმოდგენილია შალვა დადიანის საომარი ხმალი თურქული დამღით, მისი საწერი მაგიდა და სავარძელი.
ფონდში თამოყრილი ბევრი ნივთი საქართველოში ხელოვნების სხვადასხვა დარგის განვითარების ისტორიას უკავშირდება. მაგალითად აბრეშუმზე დასტამბული ის ძვირფასი აფიშა, რომელიც 1882 წლის 20 იანვარს დავით ერისთავს სპეკტაკლის „სამშობლო“ პრემიერის დღეს მიართვეს. მუზეუმის ერთ-ერთი პირველი ექსპონატი იყო 1913 წელს ქალაქ მოსკოვში კოტე მარჯანიშვილის მიერ დაარსებული “თავისუფალი თეატრის” ფარდა, ცნობილი რუსი მხატვრის კონსტანტინე სომოვის ესკიზის მიხედვით შექმნილი ეს ხელოვნების ნიმუში მრავალი წლის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ 1930 წელს ის მოსკოვის ერთ-ერთ თეატრალურ სარდაფში აღმოჩნდა და მუზეუმს გადაეცა.
ფონდში დაცულია მსოფლიო დონის ხელოვანთა ისეთი ნივთები, როგორებიცაა მაგალითად მაია პლისეცკაიას პუანტები მისივე ავტოგრაფით, იგი მუზეუმს სერგო ფარაჯანოვმა უსახსოვრა. აქვე ინახება ნინო ანანიაშვილის პუანტები ავტოგრაფით.