5 სექტემბერს, 19 საათზე, ხელოვნების სასახლეში, კულტურის სამინისტროსა და ბაია გალერეას მხარდაჭერით ირაკლი ფარჯიანის პერსონალური გამოფენა „მარკოზისა და იოანეს სახარება“ გაიხსნა.
მხატვრის ოჯახის ინიციატივითა და სურვილით, პირველად საქართველოში, ხელოვნების სასახლეში მოხდა „სახარების“ ირაკლი ფარჯიანისეული ვერსიის პრეზენტაცია.
ფარჯიანის მიერ, გასული საუკუნის 80-იან წლებში შესრულებული ხელნაწერი წიგნი „იოანეს და მარკოზის სახარება“ თანამედროვე ქართული ხელოვნების მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს, რომელიც უკვე XX საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლია.
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ წიგნზე მუშაობის პროცესი, საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში მიმდინარეობდა, რაც თავის მხრივ დაკავშირებული იყო მნიშვნელოვან საფრთხეებთან. დასრულებული ხელნაწერის პრეზენტაცია იმ დროისათვის სრულიად წარმოუდგენელი იყო.
შუასაუკუნეების ხელნაწერი წიგნების მსგავსად, ფარჯიანისეული სახარება გაფორმებულია ილუსტრაციებით, თავსართებისა და ბოლოსართების დეკორით, რომელიც კანონიკური იკონოგრაფიითა და მისი საავტორო ინტერპრეტაციით, ერთდროულად ტრადიციულიცაა და ნოვატორულიც.