კატალოგი ’გერმანელი მხატვრები და კავკასია’

კატალოგი ’გერმანელი მხატვრები და კავკასია’

     5 ოქტომბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში,ხელოვნების სასახლის მიერ გამოცემული კატალოგის - „გერმანელი მხატვრები და კავკასია“ 
    პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი გამოიცა კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
    „გერმანელი მხატვრები და კავკასია“ - ალბომი, რომელიც ხელოვნების მოყვარულთა წინაშე პირველად წარსდგა უაღრესად მნიშვნელოვანსა და საინტერესო ინფორმაციას მოიცავს. მასში 
    თავმოყრილია საქართველოს ხელოვნების სასახლეში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ზუგდიდის დადიანების სასახლეებში და კერძო პირების კოლექციებში დაცული ნახატებისა და 
    ფოტოპროდუქციების კოლექციები.
    კატალოგში წარმოდგენილია გერმანელი მხატვრების: პაულ ფონ ფრანკენის (1818-1884), ჰელენ კიობერის (1825-?), ფრიდრიხ ფრიშის (1813-1886), ფრანც კრიუგერის (1797-1857) და სხვა 
    მნიშვნელოვანი მხატვრების ნამუშევრები.
    აღსანიშნავია მხატვრების მოღვაწეობის ისტორია კავკასიაში. თითოეული მათგანის მოგზაურობას განსაკუთრებული მისია ჰქონდა. მაგ: ფრიდრიხ ფრიში ჯერ დარმშტადტის შემდეგ კი რუსეთის საიმპერატორო კარის მხატვარი იყო და ალექსანდრე II-სთან ერთად კავკასიაში მოგზაურობის დროს, ყველა ღირსშესანიშნავი მოვლენა ქაღალდზე გადაჰქონდა. ვინაიდან 
    გერმანელი მხატვრების ნამუშევრები ისტორიულ ფაქტებს გადმოსცემენ, ცალსახაა, რომ ისინი ეროვნული მნიშვნელობის საგანძურს წარმოადგენენ. 
    საყურადღებოა ის გარემოება, რომ ერთ კატალოგში პირველად მოხდა ამ რაოდენობის ნამუშევრების თავმოყრა და ნახატების უმეტესობაც პირველად დაიბეჭდა.