აკაკი წერეთლის კატალოგის პრეზენტაცია

აკაკი წერეთლის კატალოგის პრეზენტაცია

     საქართველოს ხელოვნების სასახლე, აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 წლის იუბილესა და გარდაცვალებიდან 100 წლისთავს ახალი კატალოგით, სახელწოდებით ‘აკაკი წერეთელი’ ეგებება. ნაშრომი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერისა და ოთხი დიდი სამუზეუმო/სამეცნიერო უწყების საინტერესო და ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგია.

    10 ნოემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში წიგნისა ‘აკაკი წერეთელი’ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. კრებული რვა ძირითად თავს მოიცავს, რომლებშიც განხილულია აკაკის ცხოვრების როგორც საზოგადოდ ცნობილი, ასევე  ნაკლებად შესწავლილი და განხილული ასპექტები. ამ მხრივ საყურადღებოა ხელოვნების სასახლეში დაცული საარქივო დოკუმენტები, აკაკის, როგორც რეჟისორისა და მსახიობის შესახებ. მნიშვნელოვანია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში არსებული დოკუმენტები, სადაც ასახულია აკაკის საზოგადოებრივი და შემოქმედებითი მოღვაწეობა. ცალკე აღნიშვნის ღირსია საქართველოს ლიტერატურის მუზეუმისა და სხვიტორის აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმების უნიკალური ექსპონატები.

    წიგნი მაღალპოლიგრაფიული დონით გამოირჩევა. 220 გვერდი მოიცავს 500 მდე ილუსტრაციას რომელთა უმეტესეობაც ფართო საზოგადოებისათვის აქამდე უცნობი იყო. წიგნის პრეზენტაციასთან ერთად გამოიფინება ხელოვნების სასახლეში დაცული ბაში-აჩუკისა და თავადი ჩოლოყაშვილის კინო-კოსტუმები.