ჯადოსნური სამყარო ხელოვნების სასახლეში

ჯადოსნური სამყარო ხელოვნების სასახლეში

    25 დეკემბერი ხელოვნების სასახლეში განსაკუთრებით ზღაპრული, სასიამოვნო, მხიარული და საინტერესო იყო.

    ხელოვნების სასახლის მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარის არჩილ გელოვანის, "EY საქართველოს", საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საახალწლოდ, სასახლეში პატარებსა და მოზარდებს დაუვიწყარი სანახაობა დახვდათ. მუზეუმის საგამოფენო დარბაზებში ქართული ანიმაციის გმირებმა პირველად ისტორიაში, მუზეუმის საცავები და საფონდო სივრცეები დატოვეს და თაროებიდან კედლებზე გადმოინაცვლეს. წუნა და წრუწუნა, ლურჯი მელია, ბატი ტასიკო, გავარდნილები, სოფლის მაშენებლები, კაცი და ლომი და სხვა ქართული მულტიპლიკაციის მრავალმა გმირმა დიდსა თუ პატარას წარუშლელი შთაბეჭდილება დაუტოვა .

    ექსპოზიციის გახსნასთან ერთად, გაიმართა გამოფენის კატალოგის - ‘ქართული ანიმაცია’ პრეზენტაცია. კატალოგში თავმოყრილია ქართული მულტიპლიკაციის ისტორიის ამსახველი თითქმის ყველა საეტაპო ნახატი და თოჯინური ფილმის ესკიზი. რეჟისორების, ანიმატორებისა და მხატვრების ბიოგრაფიები. აღნიშნული ალბომის გამოცემისა და ქართული ანიმაციისადმი მიძღვნილი გამოფენის ჩატარებს იდეა მუზეუმის მზრუნველთა საბჭოს თავჯდომარის არჩილ გელოვანის შვილებს ეკუთვნით.
    ხელოვნების სასახლე ’ჯადოსნურ სამყაროს’ 2 თვის მანძილზე უმასპინძლებს.