„ავსტრიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერების ფოტო-ასლები საქართველოშია“

 „ავსტრიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერების ფოტო-ასლები საქართველოშია“

       საქართველოს ხელოვნების სასახლემ, გერმანიაში მოღვაწე ქართველ ემიგრანტ მაკა ბაუერისაგან ეროვნული მნიშვნელობის საჩუქარი მიიღო. ქ. ბაუერმა ხელოვნების სასახლეს ავსტრიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ქართული უნიკალური ხელნაწერების ფოტო-ასლები გადასცა.  18 მარტს, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ხელოვნების სასახლისა და ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო  ავსტრიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერების - „ სახარების გიორგი მთაწმიდლისეული რედაქცია“, „კრებული“ (შეიცავს სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა პირის მიერ გადაწერილ თხზულებებს, აგრეთვე ხანმეტ ტექსტებს), „თუენნი“, „მრავალთავის მსგავსი კრებული“ ფოტო-ასლები, რომლებიც ამიერიდან ხელოვნების სასახლისა და ეროვნული ბიბლიოთეკის საცავებში იქნება განთავსებული.

       აღსანიშნავია, რომ დღემდე ქართველ მეცნიერებს ვენის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩაუსვლელად აღნიშნულ ხელნაწერებზე მუშაობის საშუალება არ ჰქონდათ, ამიერიდან კი 1000-ზე მეტი გვერდი ანუ დაცულ ხელნაწერთა სრული მასალა გაციფრებული და დიგიტალიზებულია, შესაბამისად ხელოვნების სასახლესა თუ ეროვნულ ბიბლიოთეკაში მისული ნებისმიერი მკვლევარისათვის აღნიშნული უნიკალური მასალა უკვე ხელმისაწვდომი იქნება.