პიერ კობახიძის 110 და ბადრი კობახიძის 90 წლის საიუბილეო გამოფენა

პიერ კობახიძის 110 და ბადრი კობახიძის 90 წლის საიუბილეო გამოფენა

    10 ივლისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხელოვნების სასახლეში ცნობილი თეატრალური ოჯახის წარმომადგენლების, მამა-შვილის, პიერ კობახიძის 110 და ბადრი კობახიძის 90 წლის საიუბილეო გამოფენა გაიხსნა. 
    ბადრი და პიერ კობახიძეების წვლილი ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში ძალიან დიდია. პიერ კობახიძე მარჯანიშვილის თეატრის წამყვანი მსახიობი, და კოტე მარჯანიშვილის მრავალი წარმატებული სპექტაკლის მონაწილე იყო. მუშაობდა რადიოში პირველ სპორტულ კომენტატორად. წელს მსახიობისა და პოეტის 110 წლის იუბილეა. 
    თეატრისა და კინოს მსახიობი, რეჟისორი, პედაგოგი ბადრი კობახიძე რუსთაველის თეატრში მიხეილ თუმანიშვილის მსახიობთა გუნდის, ე.წ. „შვიდკაცას“ წევრი გახლდათ. იგი წლების მანძილზე იყო საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის პირველი მდივანი. მან მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია რუსთაველის თეატრის რეპერტუარს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ დადგმული სპექტაკლები ი. შტოკის „ღვთაებრივი კომედია“, რ. ნუშიჩის „წვიმის გამყიდველი“, ა. ჩხაიძის „დაბრუნება“, ო. იოსელიანის „სანამ ურემი გადაბრუნდება“ და სხვა. 2016 წელს ბადრი კობახიძეს დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდებოდა.
    გამოფენა კობახიძეების საოჯახო არქივს აერთიანებს, რომელიც ოჯახის შთამომავალმა თეატრმცოდნე მაია კობახიძემ ხელოვნების სასახლეს გადასცა.
    ხელოვნების სასახლის საექსპოზიციო დარბაზებს კობახიძეების საინტერესო გამოფენა 1 კვირის განმავლობაში დაამშვენებს.