პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ქართული მუზეუმი - საქართველოს ხელოვნების სასახლე გუგლის კულტურული ინსტიტუტის წევრი გახდა. ამიერიდან მსოფლიო ქართულ ეროვნულ საგანძურს ბოტიჩელის, კარავაჯოს, დავინჩისა და სხვა ხელოვნების დიდი ქურუმების გვერდით იხილავს.
ხელოვნების სასახლე მსოფლიოს ყველაზე პოპულარული და მასშტაბური სახელოვნებო გაერთიანების - გუგლის კულტურული ინსტიტუტის სრულუფლებიანი პარტნიორია.
დავით კაკაბაძე, გიგო გაბაშვილი, ელენე ახვლედიანი, პეტრე ოცხელი, ლადო გუდიაშვილი - ეს იმ ქართველი ფერმწერების არასრული ჩამონათვალია, რომელთა შემოქმედების ნახვა ამიერიდან გუგლის ინსტიტუტის ონლაინ პლათფორმაზეა შესაძლებელი, მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან დამთვალიერებელს ქართულ სედევრებთან ერთად მათი შესრულების ტექნიკა და უმცირესი დეტალებიც კი შეეძლება ნახოს, ამ უნიკალურ შანსს მხოლოდ გუგლის ონლაინ დათვალიერების ტექნოლოგია იძლევა.
საერთაშორისო ასპარეზზე მუზეუმმა ქართული მოდერნიზმის ფუძემდებელის პეტრე ოცხელის უნიკალური ნამუშევრებით შეაბიჯა და პირველი გამოფენა სწორედ ამ რეპრესირებულ მხატვარს მიეძღვნა. ვირტუალური გამოფენა ხელოვანის 40 ნამუშევარს აერთიანებს და მის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე დეტალურ ინფორმაციას გადმოგვცემს.
საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი კავკასიის რეგიონში მეოთხე, ხოლო საქართველოში პირველი მუზეუმია რომელიც ხელოვნების საერთაშორისო რუქაზე გაჩნდა. შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ ამ წინგადადგმული ნაბიჯით ქართულმა ფერწერულმა ტილოებმა, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებმა, კინოსა და თეატრის უნიკალურმა კოსტიუმება მსოფლიო დონის აღიარება მოიპოვა.