ქართული ეროვნული სამოსის გამოფენა

ქართული ეროვნული სამოსის გამოფენა

    უნიკალური სამეფო და სადედოფლო კოსტიუმების კოლექცია, ქართველ მეფე მთავართა სამოსი რომელიც საზოგადოებას აქამდე არ უნახავს. 5 დეკემბრიდან, ხელოვნების სასახლე ქართული ეროვნული სამოსის გამოფენას მასპინძლობს. ოქრო, ვერცხლი, მარგალიტები, იაგუნდი, ლალი, ძვირფასი და კეთილშობილი ქვებთ დამშვენებული ნატიფი ხელოვნების ნიმუშები. საზოგადოებას საშუალება ექნება ახალ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი ხუთი განსაკუთრებული ისტორიული და მხატვრული მნიშვნელობის მქონე ეროვნული კოსტუმი იხილოს. ექსპონატებს ხელოვნების სასახლის სარესტავრაციო ლაბორატორიაში, პროფესიონალი რესტავრატორების მიერ, ექვსთვიანი აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდათ. 
    უნიკალური რესტავრაციის დროს აღდგა და გამაგრდა ძვირფასი ისტორიული ქსოვილი, მოხდა დაკარგული ოქროს, ვერცხლის დეტალების აღდგენა. საბჭოთა პერიოდში დამაგრებული ბუტაფორიების ნაცვლად კოსტიუმებზე ძვირფასი და კეთილშობილი ქვები დაბრუნდა. სოლიკო ვირსალაძის მიერ ვარძიის ფრესკიდან აღდგენილ თამარის კაბაზე გამოყენებულ იქნა 4 ათასზე მეტი წვრილი და მსხვილი მარგალიტი, 150 ვერცხლის და 100 მოოქრული ბალთა. 
    განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თეკლე დედოფლის კოსტიუმი ფილმიდან „გიორგი სააკაძე“. უნიკალური ექსპონატი, რომელიც მე-19 საუკუნეში შეიკერა და რომელიც საქართველოს ერთ-ერთი თავადური ოჯახის წარმომადგენლის კუთვნილება იყო განადგურების წინაშე იდგა. რესტავრაციის დროს გამაგრდა მისი ქსოვილის საფუძველი და დამაგრდა 3000-ზე მეტი დაკარგული დეტალი. 
    გარადა აღნიშნული კოსტიუმებისა, დარბაზში წარმოდგენილი იქნება მარგალიტებითა და ოქრომკედით გაფორმებული მეფე ერეკლეს ოჯახისა და მისი გარემოცვის წევრთა ძვირფასი სამოსი. გაფორმების დროს მე-18-19 საუკუნეების ისტორიული ქსოვილის დეტალები და ორნამენტები გამოიყენეს, რის გამოც კოსტიუმმა განსაკუთრებული მხატვრული ღირებულება შეიძინა. 


    აღსანიშნავია, რომ ეროვნული პროექტის ფინანსური მხარდაჭერა დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდმა უზრუნველყო. ძვირფასი საგანძურის ექსპონირებისათვის საგანგებოდ მომზადდა საგამოფენო დარბაზი, სადაც კულტურის სამინისტროს დაფინანსებითა და მხარდაჭერით დამონტაჟდა თანამედროვე განათება, მომზადდა სპეციალური ვიტრინები და კლიმატ კონტროლის აპარატები.
    კოსტიუმების გამოფენასთან ერთად, დამთვალიერებლს საშუალება ექნება მე-19 საუკუნის უნიკალური გამოყენებითი ხელოვნების ნიმუში - ‘თეთრი ბუხარი’ იხილოს, რომელიც კულტურის მინისტრის ინიციატივით სასახლის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში გადმოიტანეს.