9 თებერვალს, საქართველოს კულტურისა დაძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ხელოვნების სასახლეში ირაკლი ჩიქოვანის რიგით მესამე პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მხატვრის მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული ორმოცზე მეტი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი, რომლებიც ძირითადად ჯაზისა და ზამთრის თემებს აერთიანებს. ახალგაზრდა მხატვარმა ტყიბულის სამხატვრო სკოლა და თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის კოლეჯი დაასრულა, რის შემდეგაც თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე ისწავლა. იგი მრავალი ჯგუფური გამოფენის, ფესტივალისა და სიმპოზიუმის მონაწილეა და მისი ნამუშევრები საქარველოში, გერმანიაში, შვეიცარიასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, კერძო კოლექცებში ინახება. ირაკლი ჩიქოვანი გარკვეული პერიოდი აბსტრაქციაში ხატავდა, თუმცა დროთა განმავლობაში ფიგურულ კომპოზიციებზე გადავიდა. მისი ხატვის სტილი მეტად ინდივიდუალური, არასწორხაზოვანი და ამავე დროს არაერთფეროვანია. გამოფენა ხელოვნების სასახლეში 15 თებერვლამდე გაგრძელდება.